среда, 1 апреля 2009 г.

ხალხური რეწვა





ანაგაში გადმოსახლებულ ხალხს მიწის სიმცირის გამო სხვა წყაროები გამოუნახავს ცხოვრებისათვის. უსწავლიათ სხვადასხვა ხელობა, ვაჭრობა, ამიტომაც ანაგაში XIX საუკუნის და XX სუკუნის მიჯნაზე ბევრნი იყვნენ დურგლები, კალატოზები, ხარაზები, მეწაღეები და სხვ. სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ ხელით ნაკეთი ნივთები ანაგელებს ზარიაულზე მდებარე დიდ ბაზრობაზე გაჰქონდათ გასაყიდადო.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ კახეთში ბევრგან აკეთებდენ, მაგრამ საუკეთესოდ ანაგის ქვევრები ითვლებოდაო. ალბათ იმიტომ, რომ ქუდურში მოიპოვება საუკეთესო ხარისხის ,,აყალო” მიწა. ანაგაში უცხოვრია ვინმე ლევანა მექვევრეს, რომელმაც ანაგურ ქვევრებს მთელ კახეთში გაუთქვა სახელი. ყოფილა საქვევრეც.

 

ყვავების კლდესთან ახლოს კლდესთან აღმოჩენილი ქვევრის ნატეხი.


ყვავის საყდარს გვერდით ღელე მიჰყვება. ოდნავ რომ ჩამოვცილდებით ღელეს, ვხედავთ ჟამთა სიავისაგან დანგრეულ საკირეს. ადგილი სადაც ოდესღაც კირი იწვებოდა დღემდეა შემორჩენილი.

ანაგელები თურმე თოკებსაც გრეხდნენ და ყიდდნენ. აქ დასახლებულა ერთი ლეკი ალია. ამ ხელობისთვის სწორედ მას ჩაუყრია საფუძველი. გარდა თოკის გრეხისა, ალია ტიკებსა და ქვევრებსაც კუპრავდა თურმე. ალიას შთამომავლები ალიაშვილები არიან. მათ სახლში ახლაც არის თოკის საგრეხი ჯარა, ისინი ისევ მისდევენ წინაპრის ხელობას.

ცხოვრების ძირითადი წყარო მაინც ვაზი ყოფილა. აქ მევენახეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ. ქიზიყში ბორდოს ხსნარით ვაზი პირველად ანაგელმა გლეხმა ალექსი მირიანაშვიმა შეწამლა თურმე. ვაზი ქუდურის მიწებზე ყოფილა დიდი რაოდენობით გაშენებული. აქ ყოფილა გაშენებული უძველესი რქაწითელი. მისი მტევანი შედარებით თხელი, მაგრამ ლალისფერ მარცვლიანი ყოფილა. ქუდურის იმ მიწებს სადაც ბევრი ვენახები იყო აქამდე აქვს შემორჩენილი სახელი ,,დიდვენახები”, იქ დღემდეა საწნახელის ნანგრევები შემორჩენილი.
 

1932 წ. ანაგაში კოოპერატივის ბაზაზე იოსებ მჭედლიშვილს აუშენებია ღვინის ქარხანა. იოსებს მეტსახელად ,,როზგას” ეძახდნენ. ამბობენ ვიღაცამ გაროზგაო და მას შემდეგ ეს მეტსახელი მის უბანსაც ჰქვია დღემდე.

კახეთში რამოდენიმე ქარხანა ყოფილა გაერთიანებული (4 თუ 5) ანაგის ქარხანაში მთავარი მეღვინე ყოფილა სიმონ გოგებაშვილი. ის პირველი მეღვინე ყოფილა აქ. ამ დროს ქარხანას ამუშავებდნენ ხელით. ე.ი. ხელით წურავდნენ. ხოლო 1947წ. ელექტრო ენერგია შეუყვანიათ და დენზე ამუშავებდნენ მას. ღვინოს საფერავისა და რქაწითელისაგან აყენებდნენ. რკინიგზის საშუალებით აქ დამუშავებული ღვინო ხის კასრებით მიჰქონდათ ჯერ თბილისში, შემდეგ რუსეთში. ღვინის სახელი იყო ,,ღვინო კახური”. 1948 წ. 2000-3000ტონა ღვინო დაწურეს ქარხანაში. ქარხანაში 168 ქვევრი ჰქონიათ ადგილობრივი წარმოების, ხოლო ერთი ქვევრი ყოფილა გერმანული.

ღვინით მარტო ქარხანა კი არა, კერძო მოსახლეობაც ვაჭრობდა. უფრო ადრეულ წლებში მაღალ საფეხურზე ყოფილა დაყენებული ღვინით ვაჭრობა. 

1895-1917 წლებში ანაგელებს უვაჭრიათ რუსეთში ანაგის მკვიდრი ნიკა მირიანაშვილი ღვინით ვაჭრობდა ვლადივასტოკში, ხოლო ნოქარაანთ ილიკოს შვილი სიმონა მირიანაშვილი – როსტოვში.


ანაგელების ნაქსოვი ხალიჩები ახლაც გვხვდება ზოგიერთ ოჯახში. წინაპრების საქმეს ახლაც არ ღალატობენ, ქალები, განსაკუთრებით ასაკში შესულნი ჩეჩავენ მატყლს, ართავენ ძაფს, ქსოვენ. როდესაც მათ ამის შესახებ ვეკითხებით, ამბობენ, რომ ხელობა წინაპრებისაგან ისწავლეს და არ ღალატობენ.

სოფელში ახლაც გვხვდება არყის სახდელები ზოგიერთ ოჯახში. ისინი ხალხმა თვითონ მოიფიქრა და გააკეთა. არყის სახდელს ,,ზაოდებს” ეძახიან. ესეც წინაპრების მიერ ნასწავლია და ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

არყის დამზადების რეცეპტი


ყურძენი იწურება საწურში, თავსდება “ბოჭკებში” ან ქვევრებში. დაწურვიდან 20-22 დღის შემდეგ, მასა იწყებს დუღილს, ჭაჭა (დაწურული ყურძენი), წავა დაბლა, სუფთა წვენი კი დარჩება მაღლა. სუფთა წვენს ვიღებთ მინის ბოცებში (ამოღების დროს იყენებენ თუშფალანგს). ჭაჭა მიაქვთ არყის სახდელში (ე.წ. ზავოტში). ჭაჭა იყრება სპილენძის დიდ ქვაბში, ქვაბის თავსახურს კარგად ლესავენ ნაცრის და ფქვილის ნარევით, რომ ორთქლი არ გამოვიდეს. თავსახური სპილენძის მილითაა დაკავშირებული წყალში ჩადგმულ სპილენძის სპირალთან, მასში გაივლის ადუღებული ჭაჭის ორთქლი. წყალი აგრილებს მას და გადმოდის სპირტი (900-იანი), შემდეგ გრადუსი იკლებს და ბოლოს საია (სუსტი არაყი 400-იანი) მას ასხავენ მეორე ქვაბში. ერთი ქვაბიდან შეიძლება გადმოვიდეს 8-10 ლიტრამდე არაყი, ქვაბში კი ეტევა 10 ლიტრიანი 3-4 ვედრო ჭაჭა (დაჭყლეტილი ყურძნის).

,, ზაოტში“ შესანიშნავ მწვადებს წვავენ და საერთოდ თუ ნამდვილი პურის ჭამა გინდათ იქ უნდა ჭამოთ.